რუსი პროფესიონალი სამხედროები ტამიშის დესანტში

10 ნოემბერი 2016 Shadow

აფხაზეთის ომის დროს, 1993 წლის 2 ივლისს, 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტი 600 კაცისგან შედგებოდა. დესანტის მთავარ მიზანს სტრატეგიული სიმაღლეების, უპირველეს ყოვლისა კი ანუაარხუს ხელში ჩაგდება წარმოადგენდა. თუ დესანტი საკუთარ ამოცანას შეასრულებდა, აფხაზები სოხუმის შტურმს დაიწყებდნენ.  ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. თუმცა, დიდი დანაკარგის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება და პოზიციების შენარჩუნება შეძლეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს. სერიოზული დანაკარგების მიუხედავად, ქართველებს საბრძოლო თვალსაზრისით, სტრატეგიული ზონა მაშინ არ დაუთმიათ.

ტამიშის დესანტში რუსი ჯარისკაცების მონაწილეობას ყოველთვის უარყოფდნენ როგორც რუსები, ისე აფხაზები და აცხადებდნენ, რომ ტამიშის დესანტი სრულად აფხაზური მხარის რესურსებით იყო ორგანიზებული. აქამდე რუსი ჯარისკაცების მონაწილეობის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობდა. თუმცა, ცოტახნის წინ ინტერნეტში,  ქართული არმიის youtube გვერდზე გავრცელდა 1993 წლის 2 ივლისს გადაღებული ვიდეო, რომელიც ადასტურებს ტამიშის დესანტში რუსი პროფესიონალი სამხედროების მონაწილეობას.. არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს, რომ რუსი მებრძოლები მეზობელ ქვეყნებში „კაზაკები“ ან „დნესტრისპირელების“ სახელით იბრძვიან და ასე ცდილობენ კვალის დაფარვას. ამ ტაქტიკას მიმართეს აღმოსავლეთ უკრაინაშიც.

ვიდეოს პირველი ნაწილიდან ცხადი ხდება, რომ ჯგუფის ხელმძღვანელი ვიტალი სოროკინია, რომელიც ბრძოლაში დაკარგული მებრძოლების დიდი რაოდენობის გამო აღშფოთებულია და ამბობს, რომ მსგავსი დანაკარგი სხვა არცერთ ბრძოლაში არ ჰქონია. ვიდეოში ასევე კარგად ისმის, რომ სოროკინი აფხაზ მებრძოლებს ცხვრის ფარას უწოდებს,  წარუმატებლობაში ადანაშაულებს და ეუბნება „ ეს თქვენი მიწაა, თქვენი მოვალეობაა იბრძოლოთ და დაიცვათ ის. მე რუსი ვარ, ეს ჩემი საქმე არაა, მხოლოდ დასახმარებლად ვარ აქ, მაგრამ თქვენი შემყურე, თუ ჩვენს თავზე არ ავიღე პასუხისმგებლობა, ყველა დავიხოცებით.“

ქართული მხრიდან ტამიშის ბრძოლის მოგერიების მიუხედავად, აფხაზურმა მხარემ 27 ივლისს საბოლოო მიზანს -სოხუმის აღებას- მაინც მიაღწია. თუმცა, ეს ვიდეო კიდევ ერთი დასტურია იმისა, რო ამ მიზანს აფხაზებმა რუსული მხარის აქტიური დახმარებით მიაღწია და არა საკუთარი რესურსებით. მიუხედავად რუსული მხარის მცდელობისა, დაეფარა საკუთარი როლი და მშვიდობისმყოფელად წარმოჩენილიყო, ამაო აღმოჩნდა. რუსეთის სტრატეგია, პროვოცირება მოახდინოს და შემდეგ სამხედრო ძალის გამოყენებით ჩაერიოს მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე კონფლიქტის ზონაში არ იცვლება, რასაც აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს.