ნიკოლო მიწიშვილი

1 ივლისი 2015 Shadow

ნიკოლოზ იოსების ძე მიწიშვილი დაიბადა 1896 წლის 8 ნოემბერს ქუთაისის მაზრის სოფელ ჯვარისაში (დღეს - ტყიბულის მუნიციპალიტეტი). 1903 წელს, შვიდი წლის ასაკში, შეიყვანეს ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელში, რომლის დამატებითი კლასის გავლის შემდეგ სწავლა გააგრძელა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში. დაამთავრა ორწლიანი სამასწავლებლო კურსები. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ვანის რაიონის სოფლებში, ტობანიერსა და საჩინოში. თექვსმეტი წლის ჭაბუკმა, 1912 წელს, ჟურნალ "თეატრსა და ცხოვრებაში" პირველად გამოაქვეყნა ლექსი "მთებში". შემდეგ პერიოდულად იბეჭდებოდა მისი მინიატურები და სტატიები.

 

1917 წელს რედაქტორობდა ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა გაზეთს "გოლოს სალდატა." 1918 წელს ნიკოლო მიწიშვილი შეუერთდა ცისფერყანწელთა ორდენს და მისი ერთ-ერთი აქტიური წევრი გახდა. სისტემატურად თანამშრომლობდა სიმბოლისტთა ბეჭვდით ორგანოებთან ("მეოცნებე ნიამორები", "პოეზიის დღე", "ბახტრიონი", "ბარიკადი ", "რუბიკონი"). 1921 წელს, ნიკოლოს რედაქტორობით, თბილისში დაარსდა გაზეთი "ფიგარო". იმავე წელს გამოიცა კრებული "პოეტი გრუზიი", რომლის შემდგენელი და რედაქტორი მიწიშვილი იყო. 1922 წელს, თბილისში გამოიცა პოეტის პირველი წიგნი "წმინდანიანი". იმავე წელს ნიკოლო მიწიშვილი საზღვარგარეთ გაემგზავრა. მან რამდენიმე ხანი დაჰყო სტამბოლში, სადაც დაიბეჭდა მისი მეორე წიგნი "შავი ვარსკვლავი". 1922-25 წწ.

ნიკოლო მიწიშვილი საზღვარგარეთ ცხოვრობდა და აქტიურ ლიტერატურულ საქმიანობაში იყო ჩაბმული. 1924 წელს მან პარიზში ჩამოაყალიბა "ქართველ ხელოვანთა კავშირი", ნიკოლო მიწიშვილი პარიზში თანამშრომლობდა გრ. ვეშაპელის რედაქტორობით გამომავალ გაზეთ "ახალ საქართველოსთან." სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ნიკოლო მიწიშვილი აქტიურად მონაწილეობს ლიტერატურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1926-28 წწ. რედაქტორობდა ჟურნალ "ქართულ მწერლობას", იყო ლიტფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი დირექტორი და ხელმძღვანელობდა სახელგამს. დაპატიმრებამდე რედაქტორობდა "ზარია ვოსტოკას".

ნიკოლოზ მიწიშვილი დაპატიმრებულ იქნა სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს მე-4 განყოფილების მიერ 1937 წლის 2 ივნისს. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელ სესიაზე 1937 წლის 13 ივლისის დადგენილებით მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა. განაჩენი სისრულეში მოიყვანეს სხდომის დღესვე. 

ბრალად ედებოდა, რომ იყო ანტისაბჭოთა ფაშისტური, ნაციონალისტური ორგანიზაციის აქტიური წევრი. 1923 წელს, პარიზში ყოფნისას, მიწიშვილმა ორგანიზაციული კავშირი დაამყარა მენშევიკური ემიგრაციის ხელმძღვანელ ნოე ჟორდანიასთან და ამ უკანასკნელისგან მიიღო მითითებები საბჭოთა კავშირში კონტრრევოლუციური საქმიანობის წარმართვის შესახებ. 1924 წელს მიწიშვილმა ჯაშუშების, ქარუმიძისა და პირუმოვის მეშვეობით კავშირი დაამყარა ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სახელმწიფოს დაზვერვასთან და გადასცემდა მას პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის საიდუმლო ცნობებს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ იგი გახდა ლიტერატორთა კონტრრევოლუციური ფაშისტურ-ნაციონალისტური დაჯგუფების წევრი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1925 წელს მიწიშვილმა ორგანიზაციული კავშირი დაამყარა საქართველოში ანტისაბჭოთა ცენტრთან და ტროცკისტ-ტერორისტ გასვიანის მეშვეობით მიიღო მითითება ტერორისტული და დივერსიული აქტების მომზადებაზე გადასვლის შესახებ. 1929 წელს ბრალდებული მიწიშვილი კვლავ გადაიბირა სხვა უცხო ქვეყნის დაზვერვამ, რომლის ჯაშუშურ დავალებებსაც იგი დაპატიმრებამდე ასრულებდა.  

სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 1956 წლის 28 აპრილის განჩინებით ნიკოლოზ იოსების ძე მიწიშვილი რეაბილიტირებულია და საქმე შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.