დიმიტრი შევარდნაძე

6 ივლისი 2015 Shadow


დიმიტრი შევარდნაძე დაიბადა 1885 წლის 1 დეკემბერს ოზურგეთის რაიონის სოფ. ბახვში. ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების (1906) შემდეგ ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა სტიპენდიით საზღვარგარეთ გაემგზავრა უმაღლესი განათლების მისაღებად. მცირე ხანს ძმასთან ცხოვრობდა ციურიხში. 1907–12 წლებში სწავლობდა მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში. 1912 წელს მეცადინეობდა ხოლოშის სახელოსნოში, ამავე დროს ეცნობოდა სამუზეუმო საქმეს. 1916 წელს საქართველოში დაბრუნდა.

მისი თაოსნობით დაარსდა “ქართველ ხელოვანთა საზოგადოება”, დამფუძნებელ კრებაზე თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. შევარდნაძე აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საქმიანობაში (რომლის ნამდვილ წევრად ერთხმად აირჩიეს 1911). 20–იან წლებში იგი იყო თბილისის რევკომის წარმომადგენელი თბილისის მუზეუმების დაცვის საქმეში. აირჩიეს კულტურის ძეგლთა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ.

აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა მუზეუმის კოლექციების დაკომპლექტების სფეროში. დიდია შევარდნაძის დამსახურება ნიკო ფიროსმანაშვილის შესწავლასა და მისი ნამუშევრების სამუზეუმო კოლექციის კუთვნილებად ქცევაში, აგრეთვე ქართულ ისტორიულ ძეგლების შესწავლასა და დაცვაში. 1916 წელს უშუალოდ მონაწილეობდა ნაბახტევის ღვთიმშობლის ეკლესიის (1412–31) მოხატულობის შესწავლა–რესტავრაციაში. 1935 წელს მისი ინიციატივით, მხატვარ–რესტავრატორ შ. აბრამიშვილთან ერთად, კედლს მოშორებული, დასაღუპავად განწირული მოხატულობის ნაწილი ჩამოხსნა და საქართველოს ხელოვნების მუზეუმში გადმოიტანა.

შევარდნაძის თაოსნობით 1917 წელს “დიდების ტაძარში” მოეწყო ქართული ფრესკის I გამოფენა; მისივე ინიციატივით ტრადიციად იქცა ფრესკის ასლების დაცვა საქართველოს მუზეუმებში. 1917 წელს მონაწილეობდა ე. თაყაიშვილის თაოსნობით სამხრეთ საქართველოში მოწყობილ ექსპედიციაში. 1918 წელს ი. ჯავახიშვილის გადაწყვეტილებით, შექმნა უნივერსიტეტის გერბი და ბეჭედი (დახატა რამდენიმე ვარიანტი). 1925 წელს, როგორც საქართველოს განსახკომთან შექმნილი ქართული სასტამბო შრიფტის გარდაქმნის პროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრმა, ქართული შრიფტის გრაფიკული მოხაზულობის ახალი ვარიანტი შექმნა.

ავტორია ფერწერული და გრაფიკული პორტრეტებისა, რომელთა შორის გამოირჩევა: “ავტოპორტრეტი” (1910), “ნატიურმორტი ვარდებით” (1913), “ქალი ფანჯარასთან საკერავით” (1913), “მოხუცი პროფილში” (1914), “მათემატიკის მასწავლებელი” (1918). შევარდნაძე იყო ერთ–ერთი პიონერი ქართულ სათეატრო და კინოს მხატვრობისა. მას ეკუთვნის დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზები სხვადასხვა ოპერებისა და სპექტაკლებისთვის.  

ლავრენტი ბერიას გადაწვეტილებით 1937 წელს შოთა რუსთაველის იუბილეს აღსანიშნავად თბილისში უნდა დანგრეულიყო მეტეხის ტაძარი და მის ადგილას დადგმულიყო რუსთაველის ძეგლი. გადაწყვეტილებას წინ აღუდა ქართველების გარკვეული ნაწილი, მათ შორის შედიოდნენ მიხეილ ჯავახიშვილი, სანდრო ახმეტელი და დიმიტრი შევარდნაძე. შევარდნაძე ჯერ მუზეუმის დირექტორობიდან გადააყენეს, ხოლო შემდეგ პრესაში დაიწყო კამპანია მის წინააღმდეგ.

დიმიტრი შევარდნაძე 1937 წლის 11 ივნისს დააპატიმრეს. დაპატიმრების პერიოდში გახლდათ კულტურის ძეგლთა დაცვის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე. 1937 წლის 12 სექტემბრის სამხედრო კოლეგიის სხდომის (მონაწილეობდნენ მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო) გადაწყვეტილებით მიესაჯა დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია. ბრალად ედებოდა, რომ ეწეოდა კ/რ, სსრკ-ს სიძლიერის შესუსტებისაკენ მიმართულ საქმიანობას.

განაჩენი სისრულეში 1937 წლის 13 სექტემბერს მოიყვანეს. მუზეუმის ახალმა დირექტორმა შევარდნაძის ექსპონატებად მიჩნეული ნივთები მუზეუმის ეზოში საჯაროდ დააწვევინა. რეაბილიტილებულია სსრკ-ს უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 1956 წლის 15 აგვისტოს  № 4н-06297/56 გადაწყვეტილებით დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.